პარლამენტმა "თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა "თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ინიციატივას პარლამენტის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2-მა მათგანმა კი პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს "თავდაცვის კოდექსში" შემავალ ყველა ცვლილებას.

ახალი დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ყველა მიმართულებას ეხება. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კოდექსით ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში; ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატო-ს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო; ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს; არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ: თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო ოთხი წელი; ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერმიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება; ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.

ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები: აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით. ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით: თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით.